კვირის ამბები
მთავარი გვერდი / ანალიტიკა / რატომ არ უნდა ერეოდეს სახელმწიფო თხილის ბიზნესში?
ქართული თხილი

რატომ არ უნდა ერეოდეს სახელმწიფო თხილის ბიზნესში?

მთავრობამ თხილის რეგლამენტი გამოაქვეყნა, ბოლო პერიოდში თხილის ფასი საგრძნობლად შემცირდა. უკავშირდება თუ არა მთავრობის ხელოვნური ჩარევა ფასების ცვლილებას და ცდილობს თუ არა ვინმე თხილის ბიზნესის კონტროლს ფასებზე მანიპულაციის გზით?

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ქართული თხილის საექსპორტო წილმა ღვინისას გადააჭარბა და მთლიანი მოცულობის 12.6% შეადგინა.  შედეგად, 2014-2015 წლებში სახელმწიფოში 184 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა. თუმცა, ექსპორტის ზრდის მიუხედავად,  თხილის ბიზნესში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა, რაც, რეალურად,  მის განვითარებას აფერხებს.

პირველი შემაფერხებელი ფაქტორი თხილის ფასია. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტზე მოთხოვნა იზრდება, ღირებულება კატასტროფულად იკლებს. შესაბამისად, გლეხებსა და მწარმოებლებს პროდუქციის სასურველ ფასად რეალიზაცია უჭირთ. თხილის ფასი მკვეთრად დაეცა ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში, მიმღებ პუნქტებში ერთი კილოგრამი თხილის ფასი 6-დან 7 ლარამდე მერყეობდა. გლეხების ვარაუდი, რომ წელს მცირე მოსავალის გამო თხილზე ფასი მოიმატებდა, არ გამართლდა. უფრო მეტიც, მიმღებ პუნქტებში ამბობენ, რომ პროდუქტზე ასეთი დაბალი ფასი ბოლო რამდენიმე წელია არ დაფიქსირებულა. მცირე მეწარმეების თქმით, შარშან ამ დროს თხილი 9-10 ლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი 13 ლარი დაფიქსირდა. წელს იანვარში კი ყველაზე მაღალი ფასი 8 ლარს გაუტოლდა.

რატომ იკლებს თხილის ფასი მოულოდნელად? ფასის ცვლილება ჯანსაღი პროცესია, მაგრამ ორ დღეში 4 ლარით გაიაფება კითხვებს აჩენს. ფერმერები აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ამ ბიზნესის მონოპოლია ხდება, ანუ საქმეში ჩაერთნენ ადამიანები, რომელთა უკანაც დიდი ფული და სახელმწიფო დგას.

ზოგადად, თუ ბაზარი თავისუფალია, ფასს თავად ბაზარი უნდა არეგულირებდეს, როგორც აქამდე იყო და არა კონკრეტული პიროვნებები. მით უფრო მაშინ, როდესაც  ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ბაზარზე სხვა მოთამაშეების, მათ შორის, თურქი ბიზნესმენების (რომლებიც მეტს იხდიან) შემოსვლას ხელს უშლიან. დაბალი ფასით კი, ისინი ბიზნესის საშუალებით სარგებლის ნახვას თავად აპირებენ.

შემდეგი მთავარი საკითხი, რომელიც სახელმწიფოს ჩარევის შესახებ გონივრულ ეჭვს ამტკიცებს, „თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ პროექტია. მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნულმა ინიციატივამ თხილის ბიზნესთან დაკავშირებული საკითხები უნდა დაარეგულიროს. კერძოდ, სამინისტროს ცნობით, რეგლამენტი ჩვეულებრივი თხილის და მათი კულტივირებული ჰიბრიდების ნაყოფის მიმართ მოთხოვნებს ადგენს, აწესრიგებს ურთიერთობებს ბიზნესოპერატორს, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსა და მომხმარებლებს შორის. დოკუმენტი თხილის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას ისახავს მიზნად. ის ადგენს თხილის ბაზარზე განთავსების პირობებს, ბიზნესოპერატორის მიმართ ჰიგიენის მოთხოვნებს, გაუტეხავი თხილის, თხილის გულისა და გადამუშავებული თხილის გულის შესაბამისობის კონტროლის პროცედურებს.

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია, აცხადებს, რომ რეგლამენტების დაწესებას, მათ შორის თხილისას, მათ ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებთ. სინამდვილეში კი, აღნიშნულ შეთანხმებაში არ არსებობს მუხლი, რომელიც თხილის ტექნიკური რეგლამენტის შემოღებას ითვალისწინებს. შესაბამისად, ასოცირების ხელშეკრულებაზე აპელირება  არასწორია.

ჩნდება კითხვა „ტექნიკური რეგლამენტი“ რეალურად ხელს შეუწყობს, თუ პირიქით, შეაფერხებს თხილის წარმოებას? პასუხი ლიბერალურ იდეოლოგიებში, განვითარებულ სახელმწიფოებში მოვძებნოთ, რომელთა გამოცდილებაც გვიმტკიცებს, რომ ეკონომიკური წინსვლის ერთადერთი პირობა თავისუფალი ბაზრის არსებობაა, ბაზრის, რომელიც, თვითრეგულირებადია და მას, თუ ადამ სმითს დავესესხებით, „უხილავი ხელი“ მართავს. საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში ეკონომიკა ბაზარმა უნდა არეგულიროს.

თხილის ბიზნესის შემთხვევაში, ქართველი ფერმერები და მწარმოებლები აქამდე ძალიან კარგად ახერხებდნენ როგორც ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობას, ისე ჰიგიენის დაცვას. ისიც ვიცით, რომ საქართველოში ეს დარგი სახელმწიფოს ყოველგვარი დახმარების, ხელშეწყობის ან  სუბსიდირების გარეშე განვითარდა. არც ახლა დგას იმის საჭიროება, რომ სახელმწიფომ ფულადი რესურსები იმ სფეროსკენ მიმართოს, რომელსაც, რეალურად, მისი დახმარება საერთოდ არ სჭირდება,  მით უმეტეს, რომ არაფრისმომცემ სუბსიდიებში ფულის ხარჯვის ფუფუნება არ გვაქვს. ბაზარსა და ბიზნესს საშუალება უნდა მივცეთ, იყოს თავისუფალი.

 

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *