კვირის ამბები
მთავარი გვერდი / ანალიტიკა / რა იცვლება ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციით
ეკონომიკური დანაშაული

რა იცვლება ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციით

აღმასრულებელი ხელისუფლება ეკონომიკური განვითარების ოთხი პრიორიტეტული მიმართულების ფარგლებში ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციასაც ასახელებს.

ყველასთვის კარგად ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღებას საჭიროებს. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა, თუ რატომ გეგმავს საქართველოს მთავრობა ეკონომიკის სფეროს განვითარების სტიმულირებას მასშტაბური საკანონმდებლო ცვლილებებით. თუმცა საინტერესოა, თუ რა დეტალებს მოიცავს იგი თავის თავში და რა ტიპის ცვლილებებზეა საუბარი.

საკითხი მეტად აქტუალური მაშინ გახდა, როცა მთავრობის ახალი ინიციატივა ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრმა გააცნო. შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია  იმისთვის, რათა პატიმრობათა რიცხვი შემცირდეს. აქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ ისიც, რომ დეკრიმინალიზაციის საკითხი ჯერ კიდევ წინა მთავრობის დროს მოხვდა დღის წესრიგში, თუმცა,  ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წამოყენებული ინიციატივა, ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულთან მიმართებაში, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტში ნოემბერში განიხილეს.

მიიღებს თუ არა კანონპროექტს პარლამენტი? რა დადებით გავლენას ატარებს აღნიშნული ინიციატივა თავის თავში? რა საფრთხეებს უნდა შეიცავდეს იგი? საკითხის ირგვლივ ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ უმსჯელიათ, თუმცა, დაგეგმილი რეფორმის შესახებ დეტალები ამ  დრომდე უცნობია. არც ის ვიცით, თუ რომელ მუხლებს შეამსუბუქებს ხელისუფლება ან სად ჩაანაცვლებს პატიმრობას აღკვეთის ღონისძიების სხვა სახით, თუმცა მთავარი მოტივი მაინც იმაში მდგომარეობს, რომ პატიმრობამ, როგორც აღკვეთის ღონისძიების სახემ, მსგავსი ტიპის დანაშაულზე აღარ უნდა იარსებოს და   გარკვეული გადაცდომები, რომელთაც ბიზნესმენები ახორციელებენ თავიანთი საქმიანობის ფარგლებში,  სანქციების საშუალებით უნდა იქნეს გამოსყიდული.

ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულები არ არის მხოლოდ დღევანდელი მსოფლიოს პრობლემა. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ სტატისტიკური მონაცემებით,  ბოლო ათწლეულებში ამ მხრივ დაფიქსირებულ შემთხვევათა რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე წინა წლებში.

რასაკვირველია, საქართველო ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც მსგავსი ტიპის პრობლემას წააწყდა და მის მოსაგვარებლად სხვადასხვა გეგმას სახავს.

2004 წლიდან დღემდე, ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთა რიცხვი 20 000-მდე მერყეობს.  თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2010 წლისთვის  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ბიუჯეტში სწორედ ამ დანაშაულების ხარჯზე 30 მილიონამდე ლარის მობილიზება შეძლო.

და რა ხდება დღეს? მივედით იქამდე, რომ დაიგეგმა ცვლილებები სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში.  თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მხრივ საქართველოს მთავრობა საკმაოდ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს, რათა ეკონომიკური გადაცდომებისთვის პასუხი დამნაშავეებმა  პატიმრობისა და ციხეში თავისუფლების აღკვეთის გარეშე აგონ. ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ ნელ-ნელა იქამდე მივდივართ, რომ საქართველო გახდეს ქვეყანა, რომელიც ფინანსურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთათვის განკუთვნილ სასჯელს უფრო ლიბერალური პოლიტიკით ჩაანაცვლებს.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ საერთაშორისო გამოცდილებაც. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ეკონომიკური დანაშაული დეკრიმინალიზებულია ინდივიდუალური მუხლების საფუძველზე. მაგალითისთვის ავიღოთ უკრაინა. მიუხედავად ქვეყნის შიგნით არსებული საგარეო პოლიტიკური პრობლემებისა, კანონი ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის შესახებ 2012 წლიდან ამოქმედდა და მნიშვნელოვნად არბილებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას სხვადასხვა კომპანიაში მომუშავე პირებისათვის, რომელნიც ამა თუ იმ ეკონომიკურ დანაშაულში არიან ბრალდებულნი.  ამასთან, დასჯადი აღარაა:

  •         ბიზნესის ან სამეწარმეო საქმიანობა, რომელსაც ორგანიზაცია ან ფიზიკური პირი ოფიციალური ლიცენზიის ან სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე ახორციელებს;
  •         აკრძალული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება;
  •         უცხოური საშემოსავლო გადასახადების დამალვა, მისი თავიდან არიდების მცდელობა;
  •         არაკანონიერი ანგარიშების გახსნა უკრაინის ტერიტორიების მიღმა;
  •         გაკოტრების სიმულირება;
  •         იძულებით კანონსაწინააღმდეგო კონკრეტული ქმედებები;
  •         აქციების ფლოტაცია  რეგისტრაციის გარეშე და ა.შ.

კანონი სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლების მიერ ჩადენილი კომერციული დანაშაულის გამო წარმოქმნილ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, არსებითად არბილებს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული ქმედებები სახელმწიფოსთვის შეუმჩნეველი ხდება.  თავისუფლების აღკვეთა, ძირითადად, ჯარიმებმა ჩაანაცვლა. მაგალითისთვის, გადასახადებისგან თავის არიდების მცდელობისთვის  არსებული სასჯელის ზომა – 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, შეიცვალა ჯარიმით – 31-დან 53 ათას დოლარამდე.

აღსანიშნავია ამ საკითხთან მიმართებაში დასავლეთის გამოცდილებაც. ამერიკაში 1984 წლის შემდეგ ფედერალური დანაშაულის შესახებ კანონში ცვლილება 9-ჯერ შევიდა, უკანასკნელი მათგანი კი 2012 წელს განხორციელდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ე.წ. „თეთრსაყელოიანი“ დამნაშავეების „სასარგებლოდ“ გატარებული კანონების უმეტესობა, ძირითადად, მათ მიერ საკმაოდ სოლიდური ჯარიმების გადახდის გამოა წახალისებული.  ამერიკელი ადვოკატები აცხადებენ, რომ  ფედერალური დანაშაულების დასჯის პოლიტიკა კვლავ შესაცვლელია.  მათი აზრით, ხშირად, დანაშაულთა უმეტესობა და მოსამართლეთა მიერ გამოტანილი სასჯელი ერთმანეთთან შესაბამისობაში არ მოდის.  ეს 2011 წელს, საჯაროდ, იუსტიციის დეპარტამენტმაც აღიარა და  განაცხადა, რომ ამის გამო უამრავმა მოსამართლემ პატივისცემა დაკარგა.  ამერიკული ნარკოპოლიტიკა და გათვალისწინებული სასჯელი, გარკვეულწილად, ეკონომიკურ დამნაშავეთა დასჯის პოლიტიკის მსგავსია. განსხვავება ისაა, რომ თუკი ნარკოდანაშაულთან მიმართებაში სასჯელი ნარკოტიკის რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება, ეკონომიკური დანაშაულის სასჯელის შეფასების დროს მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტს, თუ რა რაოდენობის მონეტარული ზიანი მიადგა სახელმწიფოს აღნიშნული დანაშაულით.

დღევანდელი ამერიკული მოდელი ცდილობს, იყოს ეფექტური და, ამავე დროს, ობიექტური. ის მოსამართლეებს მოუწოდებს, გადაწყვეტილება მიყენებული ფინანსური ზარალის, ფიზიკურის პირის თანამდებობის და ე.წ. „ქცევის შესაბამისობის“ გათვალისწინებით მიიღონ.

და ბოლოს, ჩვენს ქვეყანას რომ დავუბრუნდეთ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს მთავრობა ეკონომიკის სფეროს განვითარების სტიმულირებას მასშტაბური საკანონმდებლო ცვლილებების საშუალებით გეგმავს.  ამასთან, კანონპროექტის  განსახორციელებლად საჭირო ქმედებები უკვე დაწყებულია და, როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სპეციალურად შექმნილმა ჯგუფებმა ყველანაირი ძალა იღონონ, რათა დაგეგმილი რეფორმა სამართლიანი და წარმატებული შედეგების მომტანი იყოს.

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *