კვირის ამბები
მთავარი გვერდი / ბოლო სიახლეები / რიში: ნატოში გასაწევრიანებლად საქართველომ შიდა პოლიტიკა უნდა მოაწესრიგოს
ჯეიმს რიში

რიში: ნატოში გასაწევრიანებლად საქართველომ შიდა პოლიტიკა უნდა მოაწესრიგოს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეების დაზვერვის კომიტეტის წევრმა, სენატორმა ჯეიმს რიშმა, „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

რიში ინტერვიუში ისეთ საკითხებს შეეხო, როგორიცაა ვარშავის სამიტის შედეგები და საპარალმენტო არჩევნები საქართველოში. სენატორის განცხადებით, საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ძალიან ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი და ის ვარშავის სამიტისგან განსაკუთრებულს არაფერს ელოდება.

ჯეიმს რიშმა საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა და დასავლეთი რუსეთის დაუსჯელობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, რუსეთი რომ დღემდე აგრესიული ქვეყანაა სწორედ იმის ბრალია, რომ აგვისტოს მოვლენების შემდეგ დასავლეთს მისთვის სანქციები არ დაუკისრებია.

„ჩემი აზრით, თუ ვინმემ არასწორი მოქმედების გასწორება არ სცადა, მდგომარეობა უცვლელი დარჩება. თუ კლასში ერთი მოსწავლე ცუდად იქცევა და მას გამოსწორებისკენ არ უბიძგეს, ისე ცუდ ქცევას გააგრძელებს. ამას ისტორია გვასწავლის. სწორედ ასე მოხდა მაშინაც და რუსეთს სანქციები არ დაუწესდა. ამის შემდეგ რატომ უნდა შეჩერებულიყვნენ ისინი ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინაში, სხვაგან? განსაკუთრებით, ჩვენი ადმინისტრაციის პირობებში ისინი დაუსჯელი ბევრი რამის გამო დარჩნენ,“-განაცხადა რიშმა.

რიშის შეფასებით ნატოში გასაწევრიანებლად საქართველომ პირველ რიგში, შიდა პოლიტიკა უნდა დაასტაბილუროს. 

„ჩვენ უკვე გვაქვს „ღია კარის“ პოლიტიკა, რომლის თანახმადაც, ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ალიანსის მოთხოვნებს აკმაყოფილებს ნატოში გაწევრიანება შეუძლია. ჩემი აზრით, ეს თავისთავად დიდი ამბავია. მომდევნო სამიტიდან არ ველოდები რაიმე მოულოდნელ დიდ სიახლეს. საქართველოს რაც შეეხება, ჩემი აზრით, ქვეყანას ჯერ ისევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, განსაკუთრებით შიდა პოლიტიკის მიმართულებით,“- ნათქვამია ამერიკის სენატორის განცხადებაში.

ამერიკის სენატის საგარეო საქმეებისა და დაზვერვების კომიტეტის წევრის განცხადებით, ის 2012 წლის არჩევნების დროს საქართველოში იმყოფებოდა და არჩევნების მიმდინარეობით აღფრთოვანებული დარჩა, თუმცა არჩევნების შემდგომმა ანგარიშსწორების პორცესმა იმედები გაუცრუვა. მან კომენტარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებაც გააკეთა. როგორც ჯეიმს რიში აცხადებს, მას ქართველი ხალხისთვის არანაირი რეკომენდაცია არ გააჩნია, რადგან ეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების საქმეა.

„ჩემი პირადი გადმოსახედიდან, ჯერ ისევ არსებობს გარკვეული საკითხები. 21-ე საუკუნეში განვითარებული ქვეყნები პოლიტიკურ ანგარიშსწორებას არ აწარმოებენ. ჩემი აზრით, ყველა თანხმდება, რომ საქართველოში ზოგიერთ შემთხვევაში იყო ასეთი სასამართლო პროცესები. ის სხვა საკითხია იყო თუ არა ეს ფართომასშტაბიანი ძალისხმევა. მე 2012 წლის არჩევნებზე საქართველოში ვიყავი. მაშინ ნანახმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. არჩევნები ძალიან კარგად ჩატარდა, მაგრამ არჩევნების შემდეგ ანგარიშსწორების ნაბიჯებით იმედგაცრუებული ვარ.

მე რეკომენდაციები არ მაქვს – ეს ქართველი ხალხის საქმეა. იმედი კი მაქვს, რომ საქართველო პროგრესს გააგრძელებს. წელს ქვეყანა დამოუკიდებლობის 25 წლისთავს აღნიშნავს. ქართველებმა უნდა იამაყონ იმ მიღწევებით, რაც ამ დროის მანძილზე ჰქონდათ. წინა არჩევნები ძალიან მოქნილი, თავისუფალი და სამართლიანი იყო. იმედი მაქვს ეს წელსაც განმეორდება. იმედია, ქართველები იმას გააკეთებენ, რასაც 21 საუკუნეში განვითარებული ქვეყნები აკეთებენ – მიიღებენ არჩევნების შედეგებს. თუ ვინმეს არჩევნების შედეგი არ მოეწონება, დაიწყონ მომზადება მომდევნო არჩევნებისთვის. მანამდე კი საზოგადოებამ ერთად, მშვიდობიანად ცხოვრება უნდა გააგრძელოს. ქართველებს ის სურთ, რაც ნებისმიერ ერს – მათ საკუთარი ქვეყნისთვის ყველაფერი საუკეთესო უნდათ. ამ შედეგის მისაღწევად კი საუკეთესო გზა არჩევნების შემდეგ ერთად დაჯდომა და იმისი გადაწყვეტაა, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველო თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის უკეთესი ქვეყანა იყოს,“- ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეებისა და დაზვერვების კომიტეტის წევრის, ჯეიმს რიშის, განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *