კვირის ამბები
მთავარი გვერდი / ბოლო სიახლეები / სტარტაპების დასახმარებლად თბილისში iHub იხსნება
11698699_1102667809761843_5543526036475823317_n

სტარტაპების დასახმარებლად თბილისში iHub იხსნება

საერთაშორისო მეწარმეობის ქსელი I-HUB თბილისში იხსნება, პირველად ამის შესახებ მეწარმეობის საერთაშორისო კვირეულზე გახდა ცნობილი. დეტალების გასარკვევად ჩვენ IHUB Tbilisi მთავარ მენეჯერსა და Seed Forum Georgia-ს ხელმძღვანელს ილია ღლონტს ვესაუბრეთ.

– ილია, როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ უკრაინაში, ტერნოპილის ადგილობრივ მთავრობასთან მუშაობდით, რა გახდა თქვენი საქართველოში დაბრუნების მიზეზი?

ზოგადად მიზეზი ბევრია, თუმცა უმთავრეს მიზეზს ჩემთვის მაინც საქართველოში უფრო მნიშვნელოვანი საქმის კეთება წარმოადგენს. რამოდენიმე თვის წინ ჩემმა უკრაინელმა მეგობარმა დიმიტრი პადალიევმა შემომთავაზა იმ პროექტის საქართველოში განხორციელება, რომელსაც ის უკრაინაში თავად უდგას სათავეში. ეს პროექტი  I-HUB – საერთაშორისო მეწარმეობისა და ინოვაციების ქსელი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი საინვესტიციო პლატფორმის Seed Forum-ის მეშვეობით ოპერირებს. მე დავთანხმდი ამ შემოთავაზებას და, როგორც ხედავთ, დავიწყეთ საქართველოში ოპერირება.

– მოგვიყევით, რა არის iHub?

iHub არის ე.წ. ინოვაციების ჰაბი, ანუ სივრცე, რომელიც მუშაობს რამდენიმე მიმართულებით.

პირველი მიმართულება ეს არის სტარტაპ აქსელერატორი. iHub თავის ბორდზე მიიღებს სხვადასხვა სტარტაპებს, რომლებიც მხოლოდ ახლა იწყებენ არსებობას და მათ გაუწევს დახმარებას, მენტორობას, რათა სტარტაპი სრულყოფილ ბიზნესად ჩამოყალიბდეს.

გარდა ამისა, iHub არის სივრცე, სადაც ჩატარდება ინოვაციებთან და მეწარმეობასთან დაკავშირებული ღონისძიებები. ამ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი სპეციალისტები, ასევე უცხოელი სტუმრები და პოტენციური ინვესტორები.

ეს არის iHub-ის ორი ძირითადი მიმართულება. მოკლედ რომ ვთქვათ, iHub არის დიდი სივრცე, სადაც ქართველ სტარტაპერებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ის, რაც აქამდე საქართველოში არ არსებობდა: სამუშაო სივრცე, კონტაქტები, პროფესიონალების დახმარება.

– უახლოეს მომავალში რაიმე დიდ ღონისძიებას გეგმავთ?

უახლოეს მომავალში იგეგმება საქართველოში პირველი Seed Forum-ის ჩატარება. Seed Forum არის გლობალური ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ინვესტორებს სხვადასხვა ქვეყნებიდან და წარმოადგენს ერთგვარ მაკავშირებელ რგოლს ინვესტორებსა და სტარტაპებს შორის.

პირველი Seed Forum საქართველოში ჩატარდება ამ წლის 14-16 დეკემბერს. ზოგადად, კონფერენცია შედგება ორი ნაწილისგან. ესაა ტრენინგი ბიზნესებისთვის, და  – Pitching, ანუ ბიზნესის პრეზენტაცია ინვესტორის დაინტერესების მიზნით.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ Seed forum-ში მონაწილეობას იღებენ უკვე გარკვეულწილად ფორმირებული სტარტაპები, ანუ მხოლოდ იდეის წარდგენა არ ხდება აქ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ Seed Forum მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფო სტრუქტურებთან, ამიტომ კონფერენციას ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნების ელჩები საქართველოში, ასევე სამთავრობო წარმომადგენლები საქართველოდან.

– ეს რატომ არის მნიშვნელოვანი?

Seed Forum Georgia მჭიდროდ თანამშრომლობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან. ისინი ჩვენი პარტნიორები არიან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მათთან ერთად უფრო მეტი პროექტის განხორციელებას შევძლებთ.

– სტარტაპების თვალით რომ შევხედოთ, ვთქვათ, მაქვს სტარტაპი, როგორ უნდა მოვხვდე iHub-ში ან Seed Forum-ზე?

Seed forum და iHub არის სვადასხვა ორგანიზაცია, თუმცა მათ აქვთ გარკვეული კავშირი. როგორც უკვე ვახსენე, Seed Forum-ში მონაწილეობენ განვითარების გარკვეული დონის მქონე სტარტაპები, ხოლო iHub-ში შეიძლება იდეით მოსვლა.

– ანუ iHub ზრდის სტარტაპს Seed Forum-ისთვის?

კი, შეიძლება ასეც ვთქვათ. ზოგადად, iHub-ის შექმნა საჭირო გახდა, რადგან საქართველოში არის ძალიან ცოტა სტარტაპი იმ დონეზე განვითარებული, რომ წარსდგეს Seed Forum-ზე. მსგავსი პრობლემა იყო უკრაინასა და მოლდოვაშიც. ამიტომაც, საჭირო გახდა ასე ვთქვათ, სტარტაპის Seed Forum-ისთვის მოსამზადებელი გარემოს შექმნა.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოვხვდეთ Seed Forum-ზე, ამისთვის საჭიროა პროექტის პროტოტიპი უკვე არსებობდეს და გარკევულ დონეზე გატესტილიც იყოს. მომაფიქრდა იდეა და მოდი წარვადგენ Seed Forum-ზე, ასეთი რამ არ ხდება. იდეით უნდა მოხვიდეთ iHub-ში.

– რა ვალდებულებები შეიძლება მქონდეს მე, როგორც სტარტაპს iHub-ის მიმართ?

iHub-ის ბორდზე ყოფნისას საჭიროა მინიმალური საწევროს გადახდა, რათა სტარტაპებმა იგრძნონ რაღაც პასუხისმგებლობა. თავის მხრივ, iHub სტარტაპს სთავაზობს სამუშაო სივრცეს მენტორების დახმარებასთან ერთად.

– ანუ გარკვეული გადასახადი იქნება. კონკრეტულად რამდენია?

ეს არის ინდივიდუალური საკითხი. პროექტიდან და იდეიდან გამომდინარე.

– რაიმე ბიუჯეტი არის განსაზღვრული, რაშიც იდეა უნდა ჯდებოდეს? ან სფერო, საიდანაც იდეა უნდა მოდიოდეს?

თუ იდეას აქვს განვითარების პერსპექტივა, მაშინ მნიშვნელობა არ აქვს საჭირო ბიუჯეტსა და სფეროს. ეს შეიძლება იყოს IT სტარტაპიც და სტარტაპი სოფლის მეურნეობიდან.

 

iHub

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *