კვირის ამბები
მთავარი გვერდი / ანალიტიკა / ევროკავშირის აგრარული პოლიტიკა
ევროკავშირი

ევროკავშირის აგრარული პოლიტიკა

ევროპის ქვეყნების აგრარული პოლიტიკა ერთ-ერთია ევროკავშირის მიერ გატარებული ღონისძიებებიდან, რომელიც დაარსების დღიდანვე არ კარგავს აქტუალობას. მას შემდეგ, რაც მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ მიიღო გამოცდილება აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში, საინტერესოა, ვისაუბროთ, რეალურად, სად ივლება ზღვარი ევროკავშირისა და კონკრეტული ქვეყნის ინტერესებს შორის, უნდა ერეოდეს თუ არა სახელმწიფო მსგავსი ტიპის გარდაქმნებში, არის თუ არა საერთო აგრარული ბაზრის იდეა მომგებიანი და რა ცვლილებებზე მიმდინარეობს ამ კუთხით საუბარი ჩვენი ქვეყნის მასშტაბით.

ევროკავშირის თავდაპირველი და ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი აგრარული სფეროს ფარგლებში იყო და არის კიდეც სოფლად მცხოვრებთა პირობების გაუმჯობესება და, ამასთან, ევროკავშირის ქვეყნებისათვის ხელმისაწვდომი სურსათის უზრუნველყოფა – ე.წ (CAP). 2011 წლიდან  საპ-ის მიზანია, გაზარდოს  წარმოების კონკურენტუნარიანობა, წაახალისოს ინოვაციები და ხელი შეუწყოს სოფლად სამუშაო ადგილების შექმნას. იქიდან გამომდინარე, რომ ფერმერებს განუსაზღვრელი როლი ენიჭებათ სასოფლო-სამეურნეო სფეროს განვითარებაში, ევროკავშირი ცდილობს, რომ ეს ძალა არ დაკარგოს და, ბუნებრივია, მათ წახალისებაზე ზრუნავს. საპ-ის მხარდაჭერა არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ ტექნიკური თვალსაზრისითაც გამოიხატება. საერთო აგრარული პოლიტიკის ფარგლებში ინოვაციურ ტექნოლოგიებს ნერგავენ, ფერმერებს შესაბამისი აღჭურვილობით, ტრანსპორტით, სასუქი მინერალებითა და სხვა საჭირო საშუალებებით ამარაგებენ.

თუმცა, არსებობს შეხედულებაც, რომლის მიხედვითაც, ძლიერი აგრარული პოლიტიკა მაქსიმალურად არ იყენებს თავის შესაძლებლობებს და მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებზეა ფოკუსირებული. აღნიშნულს საერთაშორისო პოლიტიკურ-ეკონომიკური ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი, ვალენტინ ზაჰრნტი, ეხმაურება, რომელიც  წერს, რომ ევროკავშირში წარმოებული პროდუქციის რაოდენობა საჭიროზე მეტია, რაც ევროკავშირს საშუალებას აძლევს, წევრი ქვეყნების გარდა, სხვა სახელმწიფოებზეც იყოს ორიენტირებული, მისი აზრით, ის სუბსიდიები, რომლებითაც ევროპელი ფერმერები ფინანსდებიან, შეიძლება, განვითარებად სახელმწიფოებში ტოტალური შიმშილის შესამცირებლადაც კი იქნას გამოყენებული (ზაჰრნტი, 2011).

საინტერესოა, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში საპ-ის კუთხით. რატომ ვამახვილებთ უდიდეს ყურადღებას სფეროზე, რომელსაც შედეგად არანაირი ეკონომიკური წინსვლა არ მოაქვს?

სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის, რომელიც 2013 წელს დაიწყო, საქართველოში სურსათის წარმოების ზრდისა და სოფლად სიღარიბის შემცირების მიზნით სწორედ ევროკავშირმა შეიმუშავა.

აღნიშნულს სოფლის მეურნეობის სექტორში ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმებული ყოვლისმომცველი მიდგომა უდევს საფუძვლად. იგი იმ რეფორმებსა და სოფლის მეურნეობის სტრატეგიას შეეხება, რომელსაც საქართველოს მთავრობა მომდევნო ათი წლის განმავლობაში განახორციელებს. პროგრამა, რომლის ფუნდამენტურ მიზნად სურსათის წარმოების ზრდა და რაიონებში სიღარიბის შემცირება სახელდება,  საქართველოში 2013 წელს დაიწყო და მის ფარგლებში 40 მილიონი გამოიყო.

თუმცა, რა ხდება რეალურად? როცა ამგვარი ცვლილებები გვაქვს სახეზე,  ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, თუ რასთან გვაქვს სინამდვილეში საქმე. განა სახელმწიფოს ჩარევა სოფლის მეურნეობაში ის ერთადერთი გამოსავალია, რომლის გარეშეც იგი ვერ იმოქმედებს დამოუკიდებლად?  სტატისტიკური მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, იმ სფეროების პროცენტული მაჩვენებელი GDP-ში, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან წახალისებულია, წლების განმავლობაში მკვეთრად იკლებს, როცა, მთავრობის აზრით, მისი ზრდა უნდა ხდებოდეს.

ფინანსური თვალსაზრისით,  სოფლის მეურნეობიდან მიღებული სარგებლის ჩვენება ამ სფეროს უძლიერეს ექსპერტებსაც კი შეიძლება გაუჭირდეთ. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ იდეაფიქსი, თითქოს აგრარული სფერო ბაზარზე მოგების მომტანია, არ ნაცვლდება სხვა ალტერნატივით, ისეთით, როგორიც, მაგალითად, ტურიზმი, ან, თუნდაც, მანქანების ექსპორტია. ძალიან მარტივად შეიძლება ითქვას, რომ ტურიზმს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მაგალითზე, ტერიტორიის თვალსაზრისითაც კი  განვითარების კარგი საფუძველი გააჩნია , შემოაქვს მეტი უცხოური ვალუტა, ვიდრე ეს აგრარულ სექტორში ღვინის ან თხილის გაყიდვით მიღებული თანხებია.  საქსტატის ცნობით, 2016 წელს საქართველოს აგრარული სფეროს ათი ძირითადი საექსპორტო საქონლიდან ექვსი მათგანი მკვეთრ ცვლილებას განიცდის, შემცირების თვალსაზრისით. ამ შემცირებით საქართველომ 40 მილიონზე მეტი მოცულობის სავალუტო შემოსავალი დაკარგა. თხილის ექსპორტიდან შემოსულმა თანხამ 20.7 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 49%-იან კლებასთან ასოცირდება. იგივე შეიძლება ითქვას ღვინის შემთხვევაშიც. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2015 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის ღირებულება $98 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც 2014 წელთან შედარებით 39%-ით ნაკლებია.

ამასთან, უნდა აღვნიშნოთ ათი ძირითადი საექსპორტო საქონლიდან ის კონკრეტულები, რომელთა ზრდაც მოხდა,სპილენძის მადნების ზრდა – $9 მილიონი, აზოტოვანი სასუქების ზრდა – $4 მილიონი, ოქროს ზრდა – $1 მილიონი, სამკურნალო საშუალებების ზრდა – $2 მილიონი და სპირტიანი სასმელების ზრდა – $2 მილიონი. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ამ საქონლის ექსპორტის ზრდა  საერთო  სიმცირეს აბალანსებს.

დიახ, ყოველწლიურად მთავრობის მხრიდან მილიონობით ლარი იხარჯება სუბსიდიებში. 2015 წლის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიებისთვის 204.5 მლნ ლარი გამოიყო. თუმცა, ამის მიუხედავად, შედეგები რომ არასახარბიელო გვაქვს, ესეც ნათელია.

მივდივართ იმ შედეგამდე რომ არც ,,გადაყრილი ფულიდან’’ გვაქვს სასურველი შემოსავლები და ვერც იქიდან ვიღებთ შედეგებს, საიდანაც ამის მეტი პოტენციალია.

ზოგადად, სამეზობლო ტიპის პროგრამები, რომლებიც ევროკავშირის მხრიდან არაერთ ქვეყანაში ხორციელდება, სუბსიდირების ფარგლებში საკმაოდ დიდ თანხებთან მოდის შესაბამისობაში. ჩვენს ქვეყანასთან არსებული პოლიტიკის ფარგლებში, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ შემდეგი: იმ შემთხვევაში, თუკი ევროკავშირი გადაწყვეტს, რომ  სოფლის მეურნეობის ჭრილში თანხები გაიღოს, რასაკვირველია, უარი არ უნდა ვთქვათ. თუმცა, თუკი ამას კრედიტის სახე ექნება, ბუნებრივია, მსგავსი ტიპის ,,ვალი“ მთლიანად საზოგადოებამ არ უნდა გადაიხადოს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მას უშუალოდ ამ სფეროში ჩართული პიროვნება – მიწაზე მომუშავე გლეხი გადაიხდის, წინააღმდეგობა საზოგადოების დანარჩენი წევრებისაგან ნამდვილად აღარ წამოვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის, არსებითად მნიშვნელოვანია, სწორი მაგალითის საფუძველზე იმოქმედოს,. არ მიბაძოს ქვეყნებს, სადაც სოფლის მეურნეობა წამყვანი პრიორიტეტია და მისი ეკონომიკა ზედმეტად არასასურველიც კი, რაც ავტომატურად მოდის შესაბამისობაში მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობასთან. ამასთან, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისთვის სულაც არ გახლავთ სოფლის მეურნეობა მთავარი ხელმოსაჭიდი ძალა.  აღნიშნულზე შეგვიძლია უფრო კონკრეტული მაგალითების მიხედვითაც ვისაუბროთ.

სოფლის მეურნეობას ნორვეგიაში მთლიანი შიდა პროდუქტის მხლოდ 2 % უჭირავს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ქვეყანაში, ცივი კლიმატისა და მთიანი ნიადაგის გათვალისწინებით, რეგურალურად მხოლოდ მიწების 3%  მუშავდება. ნორვეგია თევზჭერის მიმართულებით ერთ-ერთ ლიდერ ქვეყნად რჩება, თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ხილისა და ბოსტნეულის მთლიანი იმპორტი უწევს. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა სასოფლო- სამეურნეო კულტურის განვითარებასა და ხელშეწყობას მხარს უჭერს,  ეს ქეყნის ეკონომიკური ზრდისთვის არც თუ ისე მომგებიანი სფეროა.

სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი მაჩვენებელი არ აქვს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე განვითარებად ქვეყანას – შვეიცარიასაც. ქვეყნის ნიადაგსა და ლანდშაფტს თუ გავითვალისწინებთ, ეს გასაგები გახდება. შვეიცარიაში სოფლის მეურნეობით, ძირითადად, მცირე ზომის საოჯახო ფერმები არიან დაკავებულნი. ქვეყანაში ამ მხრივ ვითარება, განსაკუთრებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გართულდა, თუმცა, რამდენიმე ათეული წელია, ქვეყნის მთავრობა სასოფლო- სამეურნეო დარგში ძირეულ ცვლილებებს ატარებს. ისინი აწარმოებენ ხორბალს, ქერს, შაქარს, ვაშლს, ყურძენს, წელიწადში დაახლოებით 124 მილიონ ლიტრ ღვინოს და ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან პროდუქტს – შვეიცარულ ყველს, რომელიც სასოფლო- სამეურნეო შემოსავლის ძირითად ნაწილს წარმოადგენს.

მსოფლიოს ყველაზე წარმატებული სასოფლო- სამეურნეო შემოსავლის მქონე ქვეყნების სია ასე გამოიყურება :

აშშ

$118.3

ნიდერლანდები

$79

გერმანია

$70.8

საფრანგეთი

$68

ბრაზილია

$55.4

მარცვლეულისა და ბოსტნეულის ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნები არიან ამერიკა, ჩინეთი, ინდოეთი და, ხშირად, რუსეთიც. გასაკვირი არაა, რომ ჩინეთი მსოფლიოში ბრინჯის წამყვანი მწარმოებელია, თუმცა, ამასთანავე, ის ხორბლისა და სიმინდის წარმოებაშიც ლიდერია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ რაოდენობისა და ხარისხის წარმოებაშიც არსებობს განსხვავება. მაგალითად, არავისთვის არაა გასაკვირი, რომ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ინდოეთი და ჩინეთი, უმსხვილესი მწარმოებლები არიან და ეს ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ დარგებს მიეკუთვნება. ნიდერლანდები კი პატარა ქვეყანაა. მისი მოწინავე მწარმოებლების სიაში ყოფნა მაღალი ხარისხის ბოსტნეულმა, მცენარეება და ყვავილებმა განაპირობა, რომლებიც ექსპორტზე მთელ მსოფლიოში გადის და ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან სასარგებლოა.

საბოლოო ჯამში, უნდა აღვნიშნოთ, რომ არსებობენ პატარა ქვეყნები, როგორებიცაა, მაგალითად, ნორვეგია და შვეიცარია, რომელთათვის სოფლის მეურნეობა წამყვანი დარგი არ არის, თუმცა, ისინი მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოებით მოწინავე ქვეყნების სიაში არიან. აგრეთვე,  არსებობს პატარა ქვეყანაც, მაგალითად, ნიდერლანდები, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, საჭიროა, რომ ჩვენმა ქვეყანამ სწორად გასცეს პასუხი კითხვას, თუ ვისი მაგალითის მიხედვით სურს რომ იმოქმედოს, ვის კვალს უნდა გაჰყვეს, რათა წარმატებულ შედეგებს მიაღწიოს. ამისათვის კი გადაწყვეტილება ჩვენი ლანდშაფტის, რელიეფისა და სხვა  უამრავი ფაქტორის გათვალისწინებით უნდა მივიღოთ. უნდა შეირჩეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენზე მორგებული სამაგალითო რეფორმა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს, თუ რომელ კურსს ავირჩევთ ჩვენ.

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *