კვირის ამბები
მთავარი გვერდი / ბოლო სიახლეები / ბაღდათის გამგებლის დაკავებასთან დაკავშირებით სუს-ი განცხადებას ავრცელებს
სუს

ბაღდათის გამგებლის დაკავებასთან დაკავშირებით სუს-ი განცხადებას ავრცელებს

ბაღდათის გამგებელი, ირაკლი გეგეშიძე, დიდი რაოდენობით თანხის ფლანგვის ფაქტზე იქნა დაკავებული.

გეგეშიძის საქმესთან დაკავშირებით დღეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. აღნიშნულზე განცხადება სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს გამომძიებელმა, გიორგი ქურდაძემ, გააკეთა.

ქურდაძის განცხადებით, ბაღდათის გამგებელმა 227 654 ლარი გაფლანგა. ანტიკორუფციული სააგენტოს გამომძიებლის განცხადებით, საქმე გამარტივებულ ტენდერს ეხება, რომელიც ბაღდათი-ზეგანი-საკრაულას დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას გულისხმობდა.

„გამოძიებით დადგენილია, რომ სსიპ ,,თვითმმართველი ერთეული ბაღდათის მუნიციპალიტეტმა” 2015 წლის 26 თებერვალს გამოაცხადა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ბაღდათი – ზეგანი – საკრაულას დამაკავშირებელი გზის ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაზე, რომელშიც გაიმარჯვა შპს ,,ქვენიფნელმა“ და რომელთანაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2015 წლის 20 აპრილს, 950 000 ლარის სამუშაოების შესრულებაზე N48 ხელშეკრულება გააფორმა.

შპს „ქვენიფნელის“ მიერ სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ირაკლი გეგეშიძემ, ზემოხსენებული სამუშაოების საბოლოო მიღება – ჩაბარება მოახდინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით, კერძოდ, ასფალტის სამუშაოების უხარისხოდ და
სტანდარტებთან შეუსაბამოდ შესრულების თაობაზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, მან შესრულებული სამუშაოების საბოლოო მიღება – ჩაბარება განახორციელა ერთპიროვნულად, მიღება – ჩაბარების მუდმივმოქმედი კომისიის გვერდის ავლით და შპს „ქვენიფნელს“ გადაურიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისათვის გადასახდელი მთლიანი თანხის დარჩენილი ნაწილი 227 654,80 ლარი, რაც გაფლანგა,“ – ნათქვამია სუს-ის ოფიციალურ განცხადებაში.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გაფლანგულმა თანხამ შესაძლოა ნახევარი მილიონი ლარი შეადგინოს.

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *